არ ვიცი თქვენთვის როგორ და … ჩემთვის წვიმიანი ამინდი საუკეთესო შთაგონებაა წერისთვის. ჟასმინის ყვავილებიანი ცხელი მწვანე ჩაი მოვიმზადე, შესაფერისი მუსიკა ჩავრთე და დავფიქრდი, რაზე დამეწერა ჩემი შემდეგი პოსტი, ბლოგზე შემოსული კითხვებით თუ ვიმსჯელებთ ყველაზე მეტად სოლო მოგზაურობა და მოგზაურობის ჩემებური რჩევები გაინტერესებდათ 🙂  დღეს ჩემთვის განსაკუთრებულ ქალაქზე და ამ ქალაქთან დაკავშირებულ მოგონებებზე, ასევე, ჩემი გამოცდილებიდან მიღებულ პრაქტიკულ რჩევებზე მოგიყვებით.

იმდენად პატარა ვიყავი, რომ აღარც კი მახსოვს, როდის და რატომ შემიყვარდა ბარსელონა. იქნებ სახელი მომეწონა, ან საინტერესო ისტორია მოვისმინე, ან ფოტოები ვნახე, ბევრჯერ მიცდია იმ მომენტის გახსენება როდის ჩამივარდა გულში ეს ფანტასტიკური ქალაქი და ვერა, არ გამომდის, სავარაუდოდ 10-12 წლის უნდა ვყოფილიყავი მაშინ 🙂

მოგზაურობა უკვე დაწყებული მქონდა, რამდენიმე ქვეყანა მოვლილი, ბარსელონა კი ჩემს გეგმებში არ შედიოდა, ვინახავდი, რაღაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანისთვის, ამაღელვებელისთვის, თაფლობისთვისთვის, მთელი ცხოვრება რომ დამამახსოვრდებოდა ისეთისთვის და რადგან ჯერ არც გათხოვება მინდოდა და არც მსგავსი გრანდიოზული მოვლენა მპირდებოდა გამოჩენას, მივიწყებული მქონდა და უბრალოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ დადგებოდა დღე და მე და ეს ქალაქი აუცილებლად შევხვდებოდით ერთმანეთს, სხვაგვარი განვითარება წარმოუდგენელი იყო …

Image may contain: one or more people, sky and outdoor

სამი წლის წინ, გაზაფხულზე, ბიჰანსის გრაფიკული დიზაინის ტრენდების კონფერენცია იყო, მთავარ დარბაზში  ერთ-ერთი გამომსვლელი საუბრობდა( უნიჭიერესი და ძალიან კრეატიული გიორგი პოპიაშვილი !) და ფონად სიმღერა გადიოდა, მახსოვს ისეთი უცნაური შეგრძნება გამიჩნდა, აი თითქოს ყველა მუსიკა რაც აქამდე მომესმინა, სინამდვილეში მუსიკა არ იყო და ამას ველოდებოდი, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი რომ ქალი ასრულებდა და დავაშაზამე(shazam app), შემსრულებელი დავიმახსოვრე. საღამოს სახლში რომ დავბრუნდი, რა თქმა უნდა სასწრაფოდ მოვძებნე. აღმოჩნდა რომ ეს საოცარი ქალი საოცარი ხმით, კიდევ უფრო საოცარი ბიჭი იყო ისრაელიდან, ასაფ ავიდან/Asaf avidan და აქედან უკვე ის დაიწყო, ყველას რომ გვემართება ხოლმე, კონკრეტულ შემსრულებელს ან სიმღერას რომ ამოვიჩემებთ და სხვა არ გვინდა არაფერი, დაახლოებით 1 წელი მის გარდა თითქმის არავისთვის მისმენია, ასაფი იყო ყველგან, სახლში, მანქანაში, ტელეფონში, სპორტდარბაზში, ლაშქრობისას, მოგზაურობებში და ა.შ, აქვე დავლინკავ ასაფის შემოქმედებას, თუ დაგაინტერესებთ :

პირველი სიმღერა, რომელიც მოვისმინე

ასაფის სიმღერები

ერთ მშვენიერ(და ეს მართლაც რომ მშვენიერი დღე აღმოჩნდა) დღეს, ასაფის ტურნე დაანონსდა და სად ? ერთ-ერთი ქალაქი ბარსელონა იყო, აქ გაქრა ყველა ყოყმანი, ყველა გრანდიოზული მოვლენის მოლოდინი,  დავივიწყე ყველანაირი რომანტიკული გრძნობის ლოდინი და გადავწყვიტე, დრო იყო მარტოს მემოგზაურა და თან, უკეთესი მიზეზი რა უნდა მქონოდა ? მოკლედ, ვიყიდე ბილეთები 5-12 ნოემბრის ჩათვლით, ასაფის კონცერტი 8 ში უნდა ყოფილიყო, მაგრამ, იქამდე ბარსელონის ახლოს გაცნობა მინდოდა და რამდენიმე დღით მეტი ავიღე.

Image may contain: sky and outdoor

ბარსელონის ელ-პრატის აეროპორტი იმდენად დიდია, ძლივს გავერკვიე საიდან უნდა გამოვსულიყავი და მერე ის, ცენტრში როგორ უნდა მივსულიყავი, პლაკა კატალუნიაზე რომ გაჩერდა ავტობუსი და ჩემი არცთუ ისე პატარა ჩემოდნით სიხარულით ჩამოვხტი ავტობუსიდან, საერთოდ არ ვიცოდი თუ ლა რამბლას პირდაპირ აღმოვჩნდებოდი, სადღაც 1.5 საათი ასე ვსეირნობდი და მხოლოდ მერეღა გამახსენდა, რომ, სასტუმრო უნდა მომეძებნა, რომლის მხოლოდ ქუჩის დასახელება ვიცოდი და არც რუკა მქონდა, არც ინტერნეტი. საერთოდ, მიყვარს როცა ინტუიციით ვაგნებ ადგილებს და ბარსელონა, ჩემი ბარსელონა მინდოდა ჩემით მესწავლა, ჩემით აღმომეჩინა, ერთი ქუჩა ავირჩიე და გავუყევი, სად მივდიოდი, სწორად მივდიოდი თუ არა, იქნებ 10 კმ-ით ვცდებოდი და ეს გზა უკან უნდა გამევლო, არ მადარდება არაფერი… მეც გამიკვირდა და თქვენც გაგიკვირდებათ, მივაგენი, ის ქუჩა რომელსაც გავუყევი 30-მდე დიაგონალის გავლის შემდეგ ზუსტად ჩემს სასტუმროსთან მიდიოდა 😀

Image may contain: sky and outdoor

რადგან მარტო ვიყავი, სასტუმროს ჰოსთელი ვარჩიე, გარდა იმისა რომ ფინანსურად უფრო მომგებიანია, დიზაინი იმდენად ლამაზი ქონდა, დიდად აღარ მიფიქრია, გოგოების 4 ადგილიანი ოთახი ავიღე, ყველაზე, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო (პ.ს აქ გავიცანი ამრი რომელიც წინა პოსტში ვახსენე). Yeah Hostel Barcelona ქსელური ჰოსთელია, ვარშავაშიც, ლისაბონშიც და ევროპის სხვა დიდ ქალაქებშიც აქვთ ფილიალები, უგემრიელესი საუზმე, საინტერესო ვახშამი სხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტების გასაცნობად, სითი ტურები, ღამის გართობის ორგანიზება და ა.შ.. მე მხოლოდ საუზმის სერვისით ვსარგებლობდი, მომსახურე პერსონალი, სისუფთავე და ა.შ ყველაფერი საუკეთესო ხარისხის, მართლა. აქვე ლინკს დავურთავ, იქნებ გამოგადგეთ :

Yeah hostel Barcelona

ასაფის კონცერტი L’auditori ბარსელონაში უნდა ყოფილიყო, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ორი დღით ადრე, საგანგებოდ ვესტუმრე ადგილს, რომ ლოკაცია ზუსტად მცოდნოდა, რადგან არც მეტროთი, არც ავტობუსებით და მით უმეტეს ტაქსებით სარგებლობას არ ვაპირებდი, მხოლოდ ფეხით გადაადგილება და ყველაფრის დამახსოვრება მინდოდა, რაც ირგვლივ მხვდებოდა.

Image may contain: one or more people, people standing, sky and outdoor

8 ნოემბერია, ასაფის კონცერტამდე 2 საათია დარჩენილი, სპეციალურად მისი გამოსახულებით დამზადებული მაისური მაცვია და მოუთმენლად ველი დროის გასვლას ჩემს ჰოსთელში. საერთო მოსასვენებელ ოთახში ანდრეა გავიცანი, მარსელიდან იყო, მხატვარი, მიყვებოდა საინტერესო ამბებს თავისი ცხოვრებიდან, მიხაროდა, დრო მალე გავა მეთქი… საათს რომ დავხედე, ზუსტად 34 წუთი და 6 კმ იყო კონცერტამდე დარჩენილი , არ მახსოვს როგორ ჩამოვფრინდი ქვემოთ, როგორ ავირბინე ფეხით ოთახამდე რომ მოსაცმელი ამეღო, როგორ ჩამოვირბინე ისევ ოთხი სართული რომ ლიფტის ლოდინში დრო არ დამეკარგა, ქუჩაში პირველივე შემხვედრი ტაქსი გავაჩერე და არც ტარიფი მიკითხავს(მთვლელი აქვს ყველა ტაქსს, მაგრამ, სავარაუდოდ მაინც) , არც დრო რამდენი დაგვჭირდებოდა, არაფერი! უბრალოდ ვეხვეწებოდი, მალე უნდა მივიდე მეთქი.

აქ ის მომენტი მახსენდება სულ, ამერიკულ ფილმებში რომ გვინახავს,საცობებში მანქანებიდან რომ ხტებიან და ნიუ-იორკის ავენიუებზე, შენობებს შორის ფეხით გარბიან. გავრბოდი ისეთი სისწრაფით, Run Forest Run, მესმოდა ხმა გონებიდან და მამხნევებდა, დაღლას ვერ ვგრძნობდი…აი როგორ, როგორ უნდა დაგემართოს ზრდასრულ ადამიანს ამდაგვარი ? 4 თვე ვემზადებოდი, 120 დღე ველოდებოდი ამ დღეს, ყველა სიმღერა და ტექსტი დაზეპირებული მქონდა, კონცერტის ბილეთში 60 ევრო გადახდილი, გზა კონსერვატორიამდე წინასწარ გავლილი…

მივაღწიე, ჩემს გულის ცემას ასაფის დრამის მძიმე ხმები აფორმებდა, პირველ რიგში ვიჯექი, სცენიდან სულ 2 მეტრი მაშორებდა, 2 საათი მიმდინარეობდა კონცერტი, სიმღერასთან ერთად 16 ინსტრუმენტზე უკრავდა, ბისსზე კიდევ სამჯერ გამოიყვანეს, დარბაზში ისეთი ემოციები და ოვაციები იყო, არც მეგონა თუ ამდენს უყვარდა და ასე იცნობდნენ მის შემოქმედებას ბარსელონაში , მე კი,ამ საოცარ ფონზე, უბრალოდ ვუსმენდი და სიამოვნების ბგერებში ვიძირებოდი.

 

 

 

 

 

 

 

ამ მხიარული ლირიული გადახვევის შემდეგ, დავამატებ რომ, მილანში 5 მაისს ასაფის კონცერტია და მე, რა თქმა უნდა მივდივარ! აი როგორ და რანაირად, ამაზე მერე 😉 , ახლა კი ჩვენს ბარსელონას და ზოგადად სოლო მოგზაურობას დავუბრუნდეთ ( ბარსელონაში რადგან ორჯერ ვიყავი და სხვადასხვა რამ ვნახე, ცალკე პოსტს დავწერ)

 

რჩევები  მოგზაურობისას :

1.არ შეგეშინდეთ : ვიცი, ძნელია, გგონია რომ იქ, უცხო ქალაქში, უცხო ქვეყანაში, შენიანი არავინაა და რომ რამე მოხდეს…. არაფერი მოხდება, გპირდებით, სიამოვნებას მიიღებთ მხოლოდ. გაბედეთ ერთხელ, მხოლოდ ერთხელ და იმდენად მოგეწონებათ ეს პროცესი და იამაყებთ საკუთარი თავით, სხვა დროს უპრობლემოდ წახვალთ ნებისმიერი მიმართულებით და ახალი თავგადასვლების მოლოდინშიც ჩემსავით წუთებს და წამებს დაითვლით.

2.წინასწარ კარგად დაგეგმეთ ტური : მე არ გეუბნებით, რომ ყოველი დღე და საათი დაგეგმოთ, შეგიძლიათ სპონტანურად ათვალიეროთ, რამდენიც გინდათ იმდენი დრო დაუთმოთ ყველა საინტერესო სანახობას თქვენთვის, ან სულაც კაფეში იჯდეთ ნახევარი საღამო და წიგნი იკითხოთ, აკეთეთ ის რაც გულს გაგიხარებთ, ყურადღება მიაქციეთ უბანს, რომელშიც იქნება თქვენი სასტუმრო, ჰოსთელი, ბინა და ა.შ, ევროპა კი არის ევროპა, მაგრამ, არც ისეთი უსაფრთხოა, როგორც ერთი შეხედვით მოგეჩვენებათ, კრიმინალი და ქურდობა ყოველ ფეხის ნაბიჯზეა, გაადამოწმეთ Tripadvisor-ზე, Google-ში, ყველგან სადაც ხელი მიგიწვდებათ და მაქსიმალურად ერიდეთ გარეუბნებს, განსაკუთრებით, მარტო ყოფნისას.

3.გაუფრთხილდით პირად ნივთებს : ჩანთა იქნება, ტელეფონი, ფოტოაპარატი თუ სხვა რამ, ერთი წამით არ დატოვოთ ყურადღების მიღმა, სულაც რომ სიტუაცია უსაფრთხოდ გეჩვენებოდეთ. ნამდვილად არ მოგეწონათ ევროპაში კომუნიკაციის წყაროს და მით უმეტეს, უფულოდ დარჩენა.

4.ბილეთები: ეძებეთ ისეთ საიტებზე, როგორიცაა : Skyscanner, Momondo.com, Opodo.com, Kiwi.com და შეადარეთ, ყველაზე კარგი პერიოდი ყიდვისთვის,ძირითადად სასურველ თარიღამე 2-4 თვით ადრეა. იაფი გადაადგილებისთვის, ავტობუსების და მატარებლების ბილეთები ნახეთ საიტზე Goeuro.com 

5.ნუ წაიღებთ ბევრ ტანსაცმელს:  რამდენჯერ მინანია და ტყუილად მითრევია უზარმაზარი ჩანთები, ახლა ჭკუა ვისწავლე და ნახევრად სავსე მიმაქვს, რომ იქ რასაც ვიყიდი იმისთვის ადგილი მქონდეს. თუ მოგზაურობის გარდა, ლამაზი ფოტოების გადაღებაც გინდათ, ყველა დღისთვის დაგეგმეთ რას რასთან ჩაიცვამთ და მხოლოდ ეს ნივთები წაიღეთ. თეორია, ვაიდა მომინდეს იქ, არ ამართლებს და მხოლოდ თქვენ დაღლილ მხრებს და ხელებს გამოიწვევს, დამიჯერეთ !

6. ტრანსპორტი: თუ აუცილებლობა არაა, ნუ ისარგებლებთ ტაქსით, ძვირია. მეტრო, ავტობუსი, სითი ტურები(მე ეს უკანასკმნელი არ მომწონს:( ) და ფეხით გადაადგილება ეკონომიურიცაა და დროსაც მოიგებთ, საცობები ყველგანაა.

7. სასტუმროები : Booking.com, hotelscombined.com, Airbnb.com, თუ რამდენიმე მიდიხართ, ბოლო ვარიანტს გირჩევთ, ბინები ძალიან კარგ ფასებად ქირავდება და სამზარეულოც გექნებათ, დამატებით ეკონომია თქვენთვის ფული უფრო სასიამოვნო გამოცდილებებში ხარჯოთ. თუ სასტუმროს გადაწყვეტთ და Booking.com-ზე დაჯავშნით სასტუმროს ხშირად, ხშირი მოგზაურის სტატუსი მოგენიჭებათ და კარგ შემოთავაზებებს მიიღებთ ( აეროპორტში დახვედრა.ტრანსფერი, გვიან ჩექაუთი ნომრიდან და ა.შ, გააჩნია სასტუმროს)

8.კვება: მოერიდეთ ტურისტულ ადგილებს, მაგალითად ლა რამბლა ესპანეთში, ფასებით გაცილებით ძვირია, ვიდრე ბარსელონის სხვა უბნებში კვება.მიირთვით იქ, სადაც ადგილობრივები ჭამენ, ასეთი ადგილების მოძებნაც Tripadvisor-ზე შეგიძლიათ.

9.ბიუჯეტი: დღიური ნორმა ევროპაში ძირითადად 50 ევროა, ეს თანხა ყოველ დღეზე აუცილებლად უნდა იქონიოთ საზღვარზე, აქედან რამდენს დახარჯავთ ადგილზე ეს თქვენი გადასაწყვეტია, მე დიდი მჭამელი არ ვარ და 20 ევროც მყოფნის ხოლმე ძირითადად, აქედან 10 ყავაზე მიდის 🙂

10.გაუთვალისწინებელი: პირადი გამოცდილებით გირჩევთ, სამოგზაურო სახარჯო თანხიდან მინიმუმ 50-100 ევრო გადადოთ საფულეს პატარა განყოფილებაში და დაივიწყოთ რომ გაქვთ. არავინ იცის რა ხდება და რაში დაგჭირდებათ, ევროპაში ფულის გარეშე დარჩენაზე უარესი არაფერი. თუ ჩემსავით ბოლო თეთრამდე მხარჯველები ხართ, ეგ 50-100 ევრო ძალიან გამოგადგებათ, დამიჯერეთ.

11.კონვერტაცია: თუ ისეთ ქვეყანაში მიდიხართ, რომელსაც საკუთარი ვალუტა აქვს, ყურადღება მიაქციეთ გადასახურდავებელ ობიექტებზე ეწეროს 0 % საკომისიო/Comission, პრაღაში 18 %-იც კი არის ზოგან და თუ თავიდანვე არ მიაქცევთ ყურადღებას, თანხას უკან ნამდვილად არავინ დაგიბრუნებთ. თუ გარედან არ აწერია, იკითხეთ, დარწმუნდით რომ არაფერს კარგავთ კონვერტაციაში და ამის შემდეგ გადაახურდავეთ მხოლოდ. ასევე, ნუ დაახურდავებთ ფულს აეროპორტში 10 ევროზე მეტს, ეს თანხა სრულიად საკმარისია სასტუმრომდე მისასვლელად, უფრო მეტ თანხაზე კი, კურსი ძალიან ცუდია და აუცილებლად იზარალებთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s